“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ანსამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, “მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში” მიიღო მონაწილეობა. სამიტი ევროპული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა.
ინფორმაცია ოცნების მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მათი ცნობით, სამიტზე, კობახიძემ საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კობახიძემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე, აღნიშნა რომ ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების უფლებებზე აისახა. მისი განცხადებით, რჩებიან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ერთგული, რის მთავარ ნაწილადაც საერთაშორისო მხარდაჭერა დაასახელა.
“საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით.
ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეფექტიანი მულტილატერალიზმი ასევე მოითხოვს უფრო მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას. ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა.
სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება”, – თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.