კოალიცია მოუწოდებს მაუწყებლის გენდირექტორს, სამეურვეო საბჭოს, უზრუნველყოს ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, დახუროს სხვადასხვა გადაცემა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო შემთხვევის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა მათი შეფასება, რომ მაუწყებელი მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, ზეგავლენის ქვეშ არის, “ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია”. ორგანიზაციის შეფასებით, მაუწყებელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოუმზადებელი ხვდება.
კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს:
· უზრუნველყოს მაუწყებლის პლურალისტური და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა, მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, რეალური ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მისი მონაწილეობა დიალოგში;
· ასევე, მოაწოდებს მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყოს პლურალისტურ გარემოს შექმნას ქვეყანაში.
კოალიცია შეშფოთებით აღნიშნავს იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა პროგრამის დახურვას:
“მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მცდელობა, შეეცვალა დაფინანსების მოდელი, რომელიც მიზნად ისახავდა ტელევიზიის მთავრობაზე დამოკიდებულების გაზრდას.
მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო სისრულეში მოყვანილი და საბოლოოდ სხვა მოდელზე მოხდა შეთანხმება. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არ იყო საჯარო დისკუსიის და ფართო კონსენსუსის საგანი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულებამ და ქმედებებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნეს მაუწყებელში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციისთვის. ტელევიზია არ ფუნქციონირებს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედია, არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც ვუახლოვდებით კრიტიკულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს”, – წერია განცხადებაში.
15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.
„არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ”, – უთხრა რადიო თავისუფლებას დავით გორგილაძემ.
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ გარდა, პირველ არხზე ასევე იხურება:
· სრულად არხი „ტელესკოლა“
· „დღის კოდი“
· „ფერმა“
· „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“
· „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“
· „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“
· „კაცები“
ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან.