კლოზე შეიძლება “ლაციოს” მწვრთნელად დანიშნონ – წაიყვანს ლოჩოშვილს?

თუ მაურიციო სარი „ლაციოდან“ წავა, მიროსლავ კლოზე შეიძლება რომაულ გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდეს, – იტყობინება „გაძეტა დელო სპორტი“.
„ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო კარგად იცნობს კლოზეს და ძალიან აფასებს მას.
კლოზემ ფეხბურთელის კარიერის ბოლო ხუთი წელი „ლაციოში“ გაატარა, 2024 წლიდან „ნიურნბერგს“ უდგას სათავეში, რომელმაც მისი ხელმძღვნელობით ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში მერვე ადგილი დაიკავა.
„ნიურნბერგის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილია. მან ჩემპიონატის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა და გუნდის თავკაცი ძალიან ემადლიერება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი შეიძლება უკეთეს კლუბში გადავიდეს. ასე რომ, არაა გამორიცხული, თუ კლოზე „ლაციოს“ ჩაიბარებს, ლოჩოშვილის წაყვანა მოისურვოს.