კიშინიოვის სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა გაგაუზიის მეთაურ ევგენია გუცულს

კიშინიოვის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის მეთაურ ევგენია გუცულს. განაჩენი დღეს, 5 აგვისტოს გამოცხადდა.
სასამართლომ გუცული დამნაშავედ ცნო პრორუსული პარტიის, მოლდოვაში ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებული „შორის“ უკანონო დაფინანსების საქმეზე.
გამოძიების ვერსიით, ევგენია გუცულს, რომელიც „შორის“ მდივანი იყო, 2019-2022 წლებში რუსეთიდან მოლდოვაში ფული რეგულარულად ჩაჰქონდა.
განაჩენის გამოცხადებამდე გუცულმა ბრალი კიდევ ერთხელ უარყო, გამართლება ითხოვა და ხაზი გაუსვა, რომ ორი არასრულწლოვანი შვილის დედაა.
კიშინიოვის სასამართლომ „შორის“ უკანონოდ დაფინანსების საქმეზე დამნაშავედ ცნო პარტიის კიდევ ერთი ყოფილი მდივანი სვეტლანა პოპანიც და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ევგენია გუცული 25 მარტს დააკავეს კიშინიოვის აეროპორტში. მოლდოვის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუცული ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
დაკავების შემდეგ ევგენია გუცულმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა, მოლდოვის ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოეყენებინა დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმები.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ევგენია გუცულისთვის დღეს გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიურ ოლქში, სადაც სეპარატისტული და პრორუსული განწყობები მძლავრობს, ადგილობრივი მეთაურის არჩევნები 2023 წლის მაისში ჩატარდა. გამარჯვებულად გამოცხადდა პარტია „შორის“ კანდიდატი ევგენია გუცული.
2024 წელს ევროკავშირმა გუცულს სანქციები დაუწესა სეპარატიზმის ხელშეწყობის, რუსეთთან მჭიდრო კავშირებისა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ