კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია - საჰაერო განგაში 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა - მტრის ვერცერთმა დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სამიზნეს რუსული ძალების მიერ გაშვებულმა ვერცერთმა დრონმა ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მორიგი ხანგრძლივი მასიური თავდასხმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით. დედაქალაქში განგაში 9 საათზე მეტ ხანს უწყვეტად გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსული დრონები, პირველადი ინფორმაციით, Shahed-ები, ცდილობდნენ დედაქალაქზე შეტევას. ამჯერად კიევში ძირითადად სათითაოდ შევიდნენ და არა ჯგუფურად. მაგრამ მტრის ვერცერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამიზნეს ვერ მიაღწია! გააუნებელყვეს ყველა დრონი, რომელიც ემუქრებოდა დედაქალაქს“, - აცხადებენ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.
ამასთან, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში მეტროპოლიტენის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემებია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.