კიდევ ერთხელ დასტურდება ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე – ბოჭორიშვილი გინტურის შესახებ რეზოლუციაზე

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ თამაზ გინტურის შესახებ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტში რამდენიმე საათის წინ მიიღეს.
“ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიციებს, რომელიც ევროპარლამენტში არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და იმ მძიმე შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას და რომელიც შემდგომ უკვე ადამიანების ცხოვრებას ართულებს და ასეთი მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე ხანდახან. რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები ამ საქმეს აქცევენ ყურადღებას”, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას. ევროპელი დეპუტატები კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. სამდღიანი მოლაპარაკების შემდეგ ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ს საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები.
თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა თქვა, რომ იცის მკვლელის ვინაობა. მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით იგი აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ.
თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი აქვს, პროკურატურამ დაღუპულის უფლებამონაცვლედ ცნო მისი შვილი დიმა გინტური.