კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, SANGU-ს ამერიკული დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, SANGU-ს ამერიკული დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მეორე და მესამე მიღების სტუდენტებს, ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურ ლექცია-სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს ჩაუტარებენ. სამაგისტრო პროგრამაზე 90-მდე სტუდენტი ირიცხება, რომლებიც SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლებიან მომავლის პროფესიას - კიბერუსაფრთხოებას.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ირაკლი ბრაჭული აცხადებს, კენტუკის უნივერსიტეტის ჩართულობით სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობენ, რომ დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაცია მოისმინონ.
მისივე თქმით, კურსის განმავლობაში ყველანაირ ხარჯებს, უნივერსიტეტი აფინანსებს.
„უნივერსიტეტის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია პრიორიტეტული საერთაშორისო პროგრამების შექმნა, განვითარება და რეალიზება. ყველაზე პრიორიტეტული კი კიბერუსაფრთხოებაა. უნივერსიტეტის დამფუძნებლის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და უნივერსიტეტში მისი სრულუფლებიანი წარმომადგენლის მეუფე იაკობის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებთან დაგვემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა, რის შემდეგაც შესაძლებლობა მოგვეცა შეგვემუშავებინა კიბერუსაფრთხოების ორენოვანი სამაგისტრო პროგრამა. პროექტს კი 2 ხელმძღვანელი ჰყავს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი და პროგრამამ უკვე მდგრადი განვითარების სახე მიიღო.
ამ პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტს ენიჭება ქართულ-ამერიკული სერტიფიკატი და აკადემიური ხარისხი. აღსანიშნავია, რომ სწავლა 2 ქვეყანაში, როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში მიმდინარეობს. სტუდენტებს ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, შესაძლებლობა აქვთ დიდი კორპორაციების გამოცდილება გაიზიარონ.
ახლა მესამე ნაკადი გადის სწავლას და მე-4 ნაკადის ფორმირება მიმდინარეობს. თითოეულ ნაკადზე კი 30 სტუდენტს ვიღებთ. კურსში მონაწილეობა ყველა სპეციალობის ადამიანს შეუძლია, ვისაც თავისი პროფესიის გადაკვალიფიცირება სურს. ვითხოვთ, ინგლისური ენის საბაზისო დონეს, თუმცა შესაძლებელია დავეხმაროთ, რომ გაიაროს სპეციალური კურსი, რომ გასაუბრების საბაზისო მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
დაფინანსებას რაც შეეხება, პატრიარქისა და მისი წარმომადგენლის, მეუფე იაკობის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა, რომ ხარჯები მოძიებულიყო და დაფინანსება სრულად უნივერსიტეტის ყოფილიყო. მაგრამ ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ სამაგისტრო ხარისხის ამღებმა სტუდენტმა, საქართველოში 3 წელი უნდა იმსახუროს“, - განაცხადა ირაკლი ბრაჭულმა.
კურსის კოორდინატორის ინგა ნაფეტურიძის განცხადებით, ამერიკაში წასვლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც იქაურ კორპორაციებს გააჩნიათ.
„სტუდენტები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან არიან. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს კურსში, ჩვენ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ, მხოლოდ ბაკალავრის ხარისხია საჭირო. მინდა გითხრათ, რომ ამერიკული ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუდენტების ნაწილი ან თანამდებობრივად გაიზარდა, ან გადავიდა კიბერდეპარტამენტებში სამსახურის გასაგრძელებლად. ჩანს ტენდენცია, რომ სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს ეს პროგრამა, პროფესიულად განვითარდნენ. ჩვენ ამერიკელი ინსტრუქტორები ჩამოგვყავს საქართველოში, რომლებიც ცოცხალ ლექციებს ატარებენ. ამერიკაში წასვლის შემდეგ კი, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც იქაურ კორპორაციებს გააჩნიათ“,- განაცხადა პროგრამის კოორდინატორმა, ინგა ნაფეტურიძემ.
ამერიკელი პროფესორების თქმით, თანამშრომლობა, რომელიც კიბერუსაფრთხოების პროგრამის დანერგვით ხუთი წლის წინ დაიწყო, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საფუძველი ბიზნეს ინფორმატიკისა და სხვა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამებს შექმნის გადაწყვეტილებას ჩაეყარა.
ცნობისთვის, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც 2023 წლის იანვრიდან დაიწყო, 30 სტუდენტი ირიცხება. სტუდენტები SANGU-ს სრული დაფინანსებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას ეუფლებიან. კურსდამთავრებულებს კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.