კახეთში ავარიას კოალიცია "ცვლილებებისთვის" შტაბის წევრი ემსხვერპლა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა.
Ambebi.ge-ს კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა.
ერთ-ერთ დაშავებულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - მას დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. წუხელ ის თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.
ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.