კახა ქემოკლიძე: გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ეს 20-25 ოჯახი ვერ მდიდრდებოდა, მერე აიწყვიტეს

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ ნახსენებ 20-25 ოჯახში იგულისხმებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ღიად არ უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც არიან და „ერთი ჯიბიდან მათაც აფინანსებენ“. ამის შესახებ ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის.

„გახარიას პრემიერობის დროს ეს 20-25 ოჯახი ვერ მდიდრდებოდა, მერე აიწყვიტეს, ნამდვილად. საქართველოს რიგითი მოქალაქეები ქვეყნიდან მიდიან იმის გამო, რომ ხელფასი არ ყოფნით და ახალგაზრდები 2-3 სამსახურში მუშაობენ, ამავდროულად, სწავლობენ იმის გამო, რომ ფინანსური შემოსავალი იქონიონ. ამის მიუხედავად, მაინც არ ჰყოფნით იმიტომ, რომ ფასები მაღლა გაიქცა. ეს არ ეტყობათ ამ 20-25 ოჯახს. მე უფრო გავაფართოებდი ამ სიას, 20-25 ოჯახის ნათესავებს და ახლობლებს, რადგან ნეპოტიზმი, რომელიც მანამდე არ იყო, ან მინიმალურად იყო, დღეს ყვავის“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

კითხვაზე, გახარიას პრემიერობიდან წასვლის შემდეგ გამდიდრდნენ ეს ოჯახები თუ არა, ქემოკლიძეს თქმით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს აღნიშნული ოჯახები ვერ იგებდნენ ტენდერებს და ვერ აწყობდნენ ბიზნეს გარიგებებს.

„დიახ. გახარიას, როდესაც პრემიერობის დროს მართვის ინსტრუმენტები ხელთ ჰქონდა, ეს ადამიანები ვერ იგებდნენ ტენდერებს, ვერ აწყობდნენ წინმსწრებად ბიზნეს გარიგებებს. მარტო მე მახსოვს მათი ათეულობით პროექტი, რომლებიც გაჩერებული იყო და, შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის მაგიდიდან იყო გადადებული. როგორც კი წამოვედით რა გააკეთეს პირველი? გააკეთეს ის, რომ ეს პროექტები უკან დააბრუნეს და დომინოს პრინციპით მწვანე დერეფანი გაუკეთეს.

ობიექტური ანტიკორუფციული სააგენტო რომ არსებობდეს და საქმეები შეისწავლოს, ათეულობით კი არა ასეულობით საქმეს ამოიღებენ, როდესაც ძალიან ძვირფასი ქონებები გადაცემულია 1 ლარად. არსებობს მანიპულაციები იმისა, თუ როგორ იკანონებენ ამას და შემდეგ როგორ ყიდიან. წარმოიდგინეთ, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი ხართ, ან პრემიერთან ხართ დაახლოებული და საქართველოს რიგითი მოქალაქის ქონებას გიკანონებენ 1 ლარად და შემდეგ სხვადასხვა მანიპულაციებით გიფორმებენ და შემდეგ ყიდით ამ ქონებას. უკვე ყიდით მილიონობით ლარზე და დოლარზე. მომენტალურად ხდებით მილიონერი.

როდესაც შენ ერთ დღეს გარკვეულ კომპრომისს დაუშვებ ვიღაცაზე, მომენტალურად მეორე მინისტრი გაგახსენებს: „შენს ნათესავს, რომ გაუკეთე ჩემმა რა დააშავა?“

გახარია პრემიერობის პოსტზე აკეთებდა მაქსიმუს, რაც შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო. მაშინ იყო მხოლოდ 5 ოჯახი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან იყვნენ დაახლოებულები და ამას აკეთებდნენ,“ – განაცხადა ქემოკლიძემ.

კითხვაზე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს იძულებული იყვნენ თუ არა ამაზე თვალი დაეხუჭათ, მისი თქმით, ვირუსის მთლიანად დასამარცხებლად სისტემას უნდა ფლობდე.

„იძულებული კი არ ვიყავით, სადაც ეს 5 ოჯახი ჩაკეტვადი იყო, იქ ეს 5 ოჯახი იკეტებოდა და შესაბამისად, ისინი, როგორც მეტასტაზები სახელმწიფოს დანარჩენ ორგანიზმში ვერ მიდიოდნენ. მთლიანად რომ დაამარცხო ვირუსი, სისტემას უნდა ფლობდე. როგორ წარმოგიდგენიათ, ძალოვანი უწყებები პირდაპირ იყვნენ მიბმულები ბიძინა ივანიშვილთან და გახარია ამავდროულად ცდილობდა კორუფცია ჩაეკეტა?“- განაცხადა ქემოკლიძემ.

ამასთან, კითხვაზე, გახარიას შს მინისტრობის დროს ძალოვანი სტრუქტურა პირდაპირ იყო მიბმული ივანიშვილზე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ინსტრუქცია, სწორედ „შუშის სახლიდან“ მოდიოდა, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით, ქემოკლიძე პასუხობს: „გეოგრაფიულად არ ვარ დარწმუნებული შუშის სასახლიდან მოდიოდა, მაგრამ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ იყვნენ მიბმულები, ჩემი აზრით, ეს ძალიან მკაფიოდ ჩანდა“.

„იმ კონკრეტულ მოცემულობაში გახარია რამდენსაც ახერხებდა, ამაზე ერთი მედალი ეკუთვნის“,- აღნიშნა ქემოკლიძემ.

ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ „2 მნიშვნელოვან სცენარზე“ ისაუბრა.

„მე იმაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია, მათ შორის, მათი შიდა ანტურაჟიდან გამოსული. „ქართული ოცნება“ 2 მნიშვნელოვან სცენარს ამუშავებს 2024 წლის არჩევნებისთვის. ერთი არის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ფიქტიური შერიგების სცენარის განვითარება. მეორე არის სააკაშვილის მომენტალურად გამოშვება. როგორ გამოშვება? ტექნიკურად ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. პოლიტექნოლოგიური ხრიკის კარგად მოფიქრება და დაგეგმვა უნდა. ორივე კოზირი მათ არჩევანშია. უბრალოდ ფიქრობენ რომელი გაათამაშონ. შეიძლება ორივე გაათამაშონ. ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს ფრთხილად. შეიძლება მომენტალურად სააკაშვილის მდგომარეობა „დამძიმდეს“. სააკაშვილი, როგორც „ჯოკერი“ ისე სჭირდებათ, ან შიგნით, ან გარეთ“,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი: ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან გვესმის