კახა კალაძე – პოლიტიკური პარტია, რომელიც ფიქრობს გააგრძელოს პოლიტიკაში მოღვაწეობა და არ შედის პარლამენტში, ხარაკირს იკეთებს

როდესაც მილიონ 120 ათასი მხარს გიჭერს, ამაზე მეტი აღიარება რა არის?!“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან დაფინანსების მიღება არჩევნების აღიარებას.
მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.
„არჩევნების აღიარებას ნუ განვიხილავთ მხოლოდ ოპოზიციის კონტექსტში. არჩევნები აღიარებულია. როდესაც შენ მილიონ 120 ათასი მხარს გიჭერს, ამაზე მეტი აღიარება რა არის?! ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, მხარი დაუჭირა მშვიდობას ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არჩევნები ლეგიტიმურია, ის შედგა, აღიარებულია. რაც შეეხება ამ ოპოზიციურ პარტიებს, ყველას აქვს სურვილი, სარგებელი მიიღოს ამ ყველაფრიდან. მე არც იმის მჯერა, რომ მაგალითად, ვიღაცები პარლამენტში არ შევლენ. ყველაფერი დამშვიდდება. თუ უნდათ პოლიტიკაში დარჩენა და პოლიტიკური პროცესის გაგრძელება, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური პარტია, რომელიც ფიქრობს გააგრძელოს პოლიტიკაში მოღვაწეობა და არ შევიდეს პარლამენტში. მაშინ თვითლუსტრაციას აკეთებ, ხარაკირს იკეთებ და ეს მათი გადასაწყვეტია, მათი არჩევანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვებია.
„ეს დაპირისპირება ჩემი გასარჩევი არ არის. მათი პრობლემაა, მათი შიდა სამზარეულო, რომელშიც საერთოდ არ მინდა ჩავიხედო და არც მაინტერესებს, ჩვენ ჩვენი უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, თუმცა დაფინანსებას რაც შეეხება და ოპოზიცია საიდან ფინანსდება, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს იმიტომ, რომ მაგალითად, ერთ-ერთი თემა იყო კეზერაშვილი, რომელიც გარეთ ძარცვავდა გაჭირვებულ ადამიანებს და ამ თანხით აფინანსებდა პოლიტიკას, ტელევიზიას, რაც ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოძიებაც არის დაწყებული ამ მიმართულებით და ზოგადად, დაფინანსებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვებია, თუმცა მათ დაპირისპირებაში მე შესვლა არ მინდა, მესმის მათი რეალური მდგომარეობა. თვითონ გაერკვიონ ყველაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?