კარდინი: დახმარების შეჩერება მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებებისადმი
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი, საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ის საგარეო დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს მთავრობისთვის უცხოური დახმარების უმეტესი ნაწილი, წარმოადგენს მნიშვნელოვან და აუცილებელ პასუხს, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე", - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.
სენატორი აღნიშნავს, რომ "საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედება, - განსაკუთრებით, რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის ამოქმედება - წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას საქმოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე". მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ასეთი ზომები, ფუნდამეტურად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს.
„საქართველოს კანონმა უცხოეთის აგენტების შესახებ და მშვიდობიანი მომიტინგების დარბევამ, საგანგაშო დემოკრატიული უკუსვლის გამოკვეთილი სურათი დახატა. დახმარების შეჩერება, რომელიც სარგებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. ჩვენი საერთო ღირებულებები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, მოლაპარაკებას არ ქვემდებარება“ - ნათქვამია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღესვე გასაჯაროვდა ჰელსინკის კომისიის მიმართვა სახელმწიფო მდივნისადმი, რომელიც 26 ივლისით არის დათარიღებული. ამერიკის კონგრესის ორპარტიულმა კომისიამ, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს და რომლის თავმჯდომარეც "მეგობარი აქტის" ავტორი ჯო უილსონია, სახელმწიფო დეპარტამენტს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.