12-20 მაისს კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობა იმართება, სადაც საქართველოს ეროვნულ პავილიონს ეროვნული კინოცენტრი და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა “გადაიღე საქართველოში”ერთობლივად წარადგენენ.ყველაზე გავლენიანი კინოფესტივალის ბაზრობაზე საქართველოს დელეგაციის წევრებს, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებს დაგეგმილი აქვთ ოფიციალური შეხვედრები მსოფლიო დონის პროდიუსერებთან და ფესტივალების პროგრამერებთან, მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებთან, განიხილება სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, იგეგმება ქართული ფილმების წარდგენა უცხოელი პარტნიორებისთვის.კანის კინობაზრობაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კინომემკვიდრეობის ციფრულ რესტავრაციას და ახალგაზრდა, დებიუტანტი რეჟისორების პოპულარიზაციას. წელს ქართველი რეჟისორები წარადგენენ სამ ახალ პროექტს, რომლებიც ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით ხორციელდება.კინოფესტივალის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სომხეთის კინოფონდთან, რომელიც ითვალისწინებს კინოს დარგის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას კინოწარმოების მიმართულებით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბლიაძემ და სომხეთის კინოფონდის დირექტორმა დავიდ ბანუჩიანმა.კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე წელს მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტ ინდუსტრიის პროფესიონალს ელოდებიან, წარმოდგენილი იქნება 90-ზე მეტი ეროვნული პავილიონი.კანის კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი კინომოვლენაა, რომელიც წელს 79-ედ ტარდება და მის ჟიურის ცნობილი სამხრეთკორეელი რეჟისორი, პაკ ჩან-ვუკი თავმჯდომარეობს.ფესტივალი პირველად 1946 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ის კინოინდუსტრიის პროფესიონალებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ადგილია.ფრანგულ რივიერაზე ეროვნულ პავილიონში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული წვეულება გაიმართა. სტუმრებს არაფორმალურ გარემოში ქართული ღვინის მიღებაზე უმასპინძლეს, სადაც სტუმრებმა კომპანია “რთველისის” ღვინო დააგემოვნეს და ქართულ კინოზე ისაუბრეს.ლევან დვალი – ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი:“კანის 79-ე კინოფესტივალის ფარგლებში ფრანგულ რივიერაზე საქართველოს ეროვნული პავილიონი განსაკუთრებული დატვირთულობით გამოირჩევა. ყოველდღიურად ათობით მნიშვნელოვანი შეხვედრა ტარდება ეროვნულ პავილიონში. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ტარდება არამხოლოდ ეროვნული კინოცენტრის მიერ, არამედ ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერების მიერ. ისინი თავის მხრივ უცხოელ კოპროდიუსერებთან, პოტენციურ პარტნიორებთან ამყარებენ ურთიერთობებს და არსებით რეალურ პროექტებს და მათ განხორციელებას განიხილავენ. ჯამურად ეს ვიზიტი საკმაოდ დადებითად ფასდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოძმე რესპუბლიკის სომხეთის კინოფონდთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს რეგიონში ურთიერთობების გაძლიერებას და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანთანაც გვაქვს მსგავსი მემორანდუმი გაფორმებული ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში და მიგვაჩნია, რომ რეგიონალურ თანამშრომლობას მკვეთრად შეუწყობს ხელს ეროვნული კინოცენტრი. რაც შეეხება იმ სამუშაო შეხვედრებს, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ, ემსახურება, რათქმაუნდა, ქართული კინოს განვითარებას, მეტ ხილვადობას, მეტი შესაძლებლობის შექმნას. ჩვენ გვქონდა არაერთი დოსკუსია ამ დღეების განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ქვეყანაში კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამები, რომ დარგში მეტი ადამიანის შესვლას შევუწყოთ ხელი. ასევე მნიშვნელოვანია შეხვედრები სხვადასხვა ახალ პარტნიორთან იმისთვის, რომ ქართული კინო წარმოჩენილი იყოს სხვადასხვა ფესტივალზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც აქამდე აქტიურად არ ვიყავით წარმოდგენილნი. ეროვნული პავილიონი კანის კინოფესტივალის ფარგლებში 20 მაისამდე მუშაობს და მართავს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს ქართული კინოს განვითარებისთვის. ფრანგულ რივიერაზე ჩვენ ვუმასპინძლეთ ქართულ წვეულებას ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბევრი სტუმარი მოვიდა, ვისაუბრეთ ქართულ კინოზე და მის მომავალზე.”რაჰულ რამანი – ტორონტოს კინოფესტივალის ინდუსტრიული მარკეტის დირექტორი:“ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ბერლინში და ახლა ვართ კანში, ვსაუბრობთ სამომავლო კოლაბორაციაზე საქართველოსა და კანადას შორის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ტორონტოს კინოფესტივალის კინობაზრობაზე. ბევრ ქართველ პროფესიონალს ვესაუბრეთ, სამომავლო შეთანხმებები განვიხილეთ. წელს პირველად ტორონტოს კინოფესტივალი აკეთებს კინობაზრობას და მოხარულები ვართ რომ საქართველო ამის ნაწილი იქნება.”პიერ ფრანჩესკო აიელო – პიფეა ფილმის დირექტორი, პროდიუსერი:“მე ვარ პროდიუსერი და დისტრიბუტორი, მაქვს კომპანია რომში და ჩვენ გვსურს ერთობლივი კინოწარმოება გვქონდეს. მიყვარს ქართული კინო, ვახორციელებ დისტრიბუციებს ბიეფაი ფილმ იტალიასთან და ქართულ კინოსთან ერთად. მიმუშავია დეა კულუმბეგაშვილთან და ზაზა ურუშაძესთან. ძალიან მიყვარს ქართული კინო თავისი ისტორიით და ვაფასებ ქართულ კინოკულტურას.”


