„კანდიდატის სტატუსი ძალიან კარგია, მაგრამ ის ევრო რეგულაციები, რაც ამ სტატუსს მოჰყვება პროდუქციის თვითღირებულებას გაზრდის“ – ზურაბ უჩუმბეგაშვილი

„კანდიდატის სტატუსი რა თქმა უნდა ძალიან კარგია, ორივე ხელით მივესალმები, მაგრამ ის ევრო რეგულაციები, რაც ამ სტატუსს მოჰყვება და წინ უძღვის ქმნის ისეთ პირობას, რომ პროდუქციის თვითღირებულებას გაზრდის“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა უთხრა.
„საუბარია შენახვის პირობებზე და მთელ რიგ რაოდენობრივ პროცედურებზე, მაგალითად ფრინველი თავისუფლებაში უნდა იყოს და ერთ სულს უფრო მეტი ფართობი უნდა ჰქონდეს, რომ თავისუფლად მოძრაობა შეძლოს. აქედან გამომდინარე წარმოების შემცირება ან დამატებითი კაპიტალის დაბანდება მოგვიწევს.“ – აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
უჩუმბეგაშვილის თქმით საქართველოს გარშემო საზღვარი მორღვეულია და არც ერთი მეზობელი ქვეყანა რეგულაციებს არ ექვემდებარება, განსაკუთრებით ასეთი კი თურქეთია. მისივე თქმით თურქეთი ყველანაირ ევრო რეგულაციას აიგნორებს და რეგულაციებს თუ გაზრდილი იმპორტი დაემატება საქართველოში სექტორი საგანგაშო ვითარებაში აღმოჩნდება.
„თურქეთს სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით აგრესიული პოლიტიკა აქვს, ის ყველანაირ ევრო რეგულაციას აიგნორებს, ჩვენ ამ რეგულაციებს მივყვებით, ჩვენი პროდუქცია ისედაც არ არის იაფი და თურქეთისგან განსხვავებით ჩვენთან ყველაფერი აღრიცხულია. ამ შემთხვევაში როდესაც რეგულაცია შემოვა გვექნება თვითღირებულების ძალიან დიდი ნამატი, რაც ფასებში სერიოზულ ცვლილებას გამოიწვევს და ამა თუ გაზრდილი იმპორტიც დაემატა ძალიან საგანგაშო სიტუაცია შეიქმენბა
აქ გვრჩება ალტერნატივა, ან უნდა ვთქვათ რეგულაციებზე უარი, რასაც ვერ ვიტყვით იმიტომ რომ გვავალდებულებს ევრო რეგულაციაც და ევროკავშირის წევრობის სურვილიც, ან რაღაც ზღვარი უნდა დავიცვათ. ძალიან რთული თემაა, კიდევ კარგი, რომ ეს რეგულაციების 2028 წლიდან არის დაგეგმილი და მანამდე გვაქვს დრო და იმის საშუალება რომ საზღვარს მიეხედოს და ასე მორღვეული არ იყოს. თურქეთი არის ძლიერი და მონსტრი ქვეყანა, რომლის პოლიტიკა ძლიერი ბაზრების დაპყრობაა. თუ ჩვენ ევრო რეგულაციები პროდუქციას გაგვიძვირებს, ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევთ თურქეთს“ – აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე“ – ლადო მგალობლიშვილი