კამალა ჰარისმა და ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

ოთხშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა თავის რესპუბლიკელ მეტოქეს, დონალდ ტრამპს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჰარისის ერთ-ერთმა თანაშემწემ განუცხადა Associated Press-ს, რომ მან და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობა.
სტივენ ჩუნგმა, ტრამპის კამპანიის სპიკერმა, კანდიდატების საუბარს „გულწრფელი“ უწოდა. „პრეზიდენტმა ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს მისი სიძლიერის, პროფესიონალიზმისა და გამძლეობისთვის მთელი კამპანიის განმავლობაში და ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანება“, – თქვა მან განცხადებაში. მანამდე საუბრის ფაქტი CBS-ისა და CNN-ის წყაროებმა დაადასტურეს.
მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს მოგვიანებით ჰარისი სიტყვით გამოვა არჩევნებში დამარცხების შესახებ. ის აპირებს, მოუწოდოს თავის მხარდამჭერებს, ტრამპის ამომრჩევლებთან იპოვონ „საერთო საფუძველი“, რათა ერთად იმუშაონ ქვეყნის სასიკეთოდ.
აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასევე დაურეკა ტრამპს. ის აპირებს, მალე ტრამპს თეთრ სახლში უმასპინძლოს და ძალაუფლების გადაცემაზე იმსჯელოს. NBC-ის ცნობით, ბაიდენი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასაც დაესწრება. როდესაც ბაიდენმა 2020 წელს ტრამპის პოსტი დაიკავა, ტრამპს არც ერთი ეს არ გააკეთა.
დონალდ ტრამპმა 5 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 294 ხმით გაიმარჯვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მოიპოვა 223 საარჩევნო ხმა, ანუ 47,4%. ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება, მაგრამ მხოლოდ მცირე პროცენტი რჩება დასათვლელი, რაც შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. ბევრმა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა უკვე მიულოცა ტრამპს არჩევა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს