“კალინინგრადის დემილიტარიზაცია” – რუსები კიდევ ერთს შიშობენ” – გიორგი კობერიძე
“კალინინგრადის დემილიტარიზაცია” – რუსები კიდევ ერთს შიშობენ” – გიორგი კობერიძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე [შეჯამება | 14.08.2024]:
– წუხელ საჰაერო დარტყმები განხორციელდა რუსულ სამხედრო აეროდრომებზე ვორონეჟისა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. სამიზნეთა შორის იყო სავასლეიკასა და ბორისობლესკის ბაზები. დაბომბვა დრონების მეშვეობით განხორციელდა. დაზიანდა როგორც რამდენიმე თვითმფრინავი ისე სამმართველო ოპერატიული შტაბი. იერიშები მიმდინარეობდა უშუალოდ ვორონეჟის შემოგარენშიც. აქტიურობდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაც, რომლის გადატვირთვასაც უკრაინული დრონების მასირებული შეტევა ახდენს ხოლმე. რუსეთისათვის დიდი ტერიტორია ამ მხრივ პრობლემაა – რაც უფრო დიდია შენი საჰაერო სივრცე, ყველაფრის დაფარვას ვერ ახერხებ. ამაზე თავად რუსი სამხედროები წერენ.
– რუსებმა კურსკისა და ბელგოროდის ოლქში სანგრების თხრა დაიწყეს. როგორც სატელიტური ფოტოებიდან ირკვევა სანგრები საზღვრიდან 45 კილომეტრის სიღრმეში ითხრება. აქცენტი რილსკი-კურჩატოვი-კურსკის გზის დაცვაზეა გაკეთებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბრძოლო მოქმედებების ზოლი უეჭველად სანგრები იქნება, რადგან შესაძლოა ეს სანგრები ისევე გადაილახოს, როგორც 6 აგვისტოს უკრაინელთა შეტევის შედეგად საზღვრისპირას გადაილახა, ან პირიქით, ამ სანგრებამდე არც მოხდეს ფრონტის ხაზის აწევა. როგორც არ უნდა იყოს, რუსები თავდაცვითი პოზიციაში არიან ამ კონკრეტულ მიმართულებაზე და თან საზღვრიდან საკმაოდ შორს.
– უკრაინელებმა კურსკის ოლქში მრავალფუნქციური ბომბდამშენი სუ-34 ჩამოაგდეს. მისი საბაზრო ღირებულება 36 მილიონი დოლარია. უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გარკვეულ ფარს უქმნიან კურსკის ოლქში შესულ უკრაინელებს, თუმცა როგორც უკრაინელი ანალიტიკოსები წერენ დაახლოებით ასამდე საჰაერო იერიში ხორციელდება ყოველდღიურად კურსკის ოლქზე სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არცთუ წარმატებითო. რეალურად უკრაინელები მეტწილად ახერხებენ ჰაერიდან თავის დაცვას, მაგრამ უფრო რთულია რუსული დრონების “ლანცეტების” მოგერიება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.