კალაძე წერეთელზე: ძალიან მაგარი ტემპია, ყველანაირად მაგარი გამზირი გამოვა

თბილისის მერი, აცხადებს, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და თვის ბოლოს ადგილზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად აღდგება. ამის შესახებ მან გუშინ ვიდეოჩართვაში ისაუბრა.
“დღე და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ თვის ბოლოს საგზაო მოძრაობა ორმხრივად იყოს გახსნილი და გადაადგილება თავისუფლად, უპრობლემოდ იყოს შესაძლებელი. სამუშაოები ახლა, ამ წუთშიც მიმდინარეობს, უშალოდ გზის დაგება – იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა მიწის ქვემოთ, კომუნიკაციები შეცვლილია, განახლებულია, საზოგადოებამ იხილა, თუ როგორი ინფრასტრუქტურა იყო ქვემოთ, როგორი მილებით მიეწოდება წყალი ადამიანებს და ეს ყველაფერი განახლებულია, მოწესრიგებულია.
პლუს ამას დაემატება გამწვანების სამუშაოები, მთლიანად გამწვანებული იქნება გამზირი და იქნება ულამაზესი. […] მთლიანად ისე იქნება გაკეთებული, როგორც ქეთევან წამებულზე, ჭავჭავაძის გამზირი და ყველა პროექტი, სადაც შევდივართ რეაბილიტაციით, ყველგან გვაქვს ერთნაირი მიდგომა, დამოკიდებულება, ახალი დიზაინის ქუჩები, თანამედროვე, ულამაზესი, კეთილმოწყობილი, გამწვანებული, ქვეითებზე მორგებული.
აქ პარალელურად გამწვანების სამუშაოებიც მიმდინარეობს, ნარჩენების, მიწისქვეშა ურნების მოწყობით სამუშაოები. ძალიან მაგარი ტემპია და მალე დავამთავრებთ ყველაფერს და შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვა გამზირები, ქუჩები მოსაწესრიგებელია, გასაახლებელია და ეტაპობრივად მივყვებით სამუშაოებს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველანაირად მოწესრიგებული. პირველი თებერვლისთვის წერეთლის გამზირი საგზაო ნაწილში იქნება დასრულებული, ანუ გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი – გაიწმინდება, მოირეცხება, დახაზვითი სამუშაოები წარიმართება, პარალელურად ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს და გამწვანების სამუშაოები. ყველანაირად მაგარი გამზირი გამოვა”, – განაცხადა მან.