“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას” – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.
კალასმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა, ოპოზიციის რეპრესია, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირისთვის მიუღებელია.
“როგორც ვთქვი, დღეს უმეტესად სომხეთსა და აზერბაიჯანს განვიხილავთ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გზა, რომელსაც ისინი ირჩევენ – ოპოზიციის რეპრესია, მედიის შეზღუდვა, ყველა ის კანონი, რომელიც მიღებულია – ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ საჭიროა, რეალურად ვიხილოთ გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით” – თქვა მან.
კალასმა ასევე ისაუბრა პერსონალური სანქციების საკითხზე. ჟურნალისტმა კალასს შემდეგი კითხვა დაუსვა: “თქვენ ახსენეთ საქართველო, უნგრეთში არჩევნების შემდეგ, შეგვიძლია ველოდოთ, რომ პერსონალური სანქციების საკითხი დღის წესრიგში დადგება და შეიძლება წინ წავიდეს? რას ფიქრობთ?”, რაზეც კალასმა ასე უპასუხა – “რა თქმა უნდა, მე ვერ ვისაუბრებ უნგრეთის ახალი მთავრობის სახელით, სანამ ისინი ჩამოყალიბდებიან. ამის შემდეგ ისინი მოვლენ და შეგვეძლება ეს ყველა კითხვა მათ დავუსვათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი, რომლებიც [ორბანის მთავრობის მიერ] დაბლოკილი იყო, ახლა ხელახლა იხსნება განხილვისთვის და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ დადებით შედეგებს”