იყო თუ არა შესაძლებელი თელავში სტიქიური უბედურების თავიდან აცილება? – ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს

თელავის მერიამ დაადასტურა, რომ ხევებისა და მდინარეების კალაპოტები 2022 წლის შემდეგ არ გაუწმენდიათ, ანუ 4 წელი ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ მერიამ სტიქიამდე 1 წლით ადრე იცოდა, რომ ხევები გასაწმენდი იყო, ამისთვის პროექტიც მოამზადა, ბიუჯეტიდან თანხაც დახარჯა, თუმცა თაროზე შემოდო და პრაქტიკაში არაფერი განახორციელა, იქამდე ვიდრე სტიქიამ უდიდესი ზიანი არ მიაყენა თელავს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს.

4 წლის განმავლობაში უყურებდნენ  გაუწმენდავ ხევებს და ხედავდნენ ნატანის დაგროვებას, რატომ არ ჩაატარეს გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები?- ამ კითხვებს სვამს ოპოზიცია, ამბობენ, რომ ეს თანამდებობრივი გულგრილობაა და ხელმძღვანელი  პირების  პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

ჯერ კიდევ 2025 წელს მომზადებული პროექტის განხორციელებაზე მუშაობა თელავის მერიაში სტიქიის შემდეგ დაიწყეს და ხელახალი ტენდერი ახლა გამოაცხადეს. უნდა დადგეს თუ არა დაგვიანებულ რეაგირებაზე ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი?- ამ კითხვაზე პასუხი იმ გამოძიებამ უნდა გასცეს, რომლის ჩატარებაც კობახიძემ სტიქიის მეორე დღეს დაანონსა.