„იფქლის“ წლიური ბრუნვა 34%-ით აღემატება „იფქლი დიღომის“ და 6-ჯერ „ლიტვური საცხობის“ მაჩვენებლებს
პურის წარმოების ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები, 3 მსხვილი მწარმოებლის, შპს „იფქლის“, შპს „იფქლი დიღომის“ და შპს „ლიტვური საცხობი +“-ის მაგალითზე, Finspot-ი გაეცნო.
„იფქლი“ და „იფქლი დიღომი“ ძირითადად მასიური წარმოების თეთრს პურს უწევენ რეალიზაციას. „ლიტვური საცხობი“ კი წარმოდგენილ კონკურენტებთან შედარებით მაღალფასიან პროდუქციას ყიდის.
„ვინაიდან პური პირველადი მოხმარების პროდუქტია, კომპანიებმა კოვიდის პერიოდშიც (2020 და 2021 წლებში) შეძლეს გაყიდვების ზრდა. ასევე შთამბეჭდავი იყო პურის მწარმოებლების ბრუნვის ზრდა 2022 წლის განმავლობაში. 2022 წელს წარმოდგენილი კომპანიების საშუალო შეწონილი ზრდა 38% იყო; 2019-22 წლების განმავლობაში კი კომპანიების ბრუნვები მინიმუმ 2-ჯერ ან მეტჯერ გაიზარდა.
სექტორის გათვალისწინებით, პურის წამყვანი მწარმოებლების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. EBITDA მაჩვენებლები საშუალოდ 14%-ია, წმინდა მოგების მარჟები საშუალოდ 12%-ი, ამონაგები აქტივებზე (ROAA) კი 24%-30%-ის ფარგლებშია. პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაძვირებული ნედლეულის მიუხედავად, პურის კომპანიებმა ფასების ზრდით მოახერხეს საერთო მოგების მარჟების შენარჩუნება. შესაბამისად, 2019 წელთან შედარებით მომგებიანობის მაჩვენებლები თითქმის იგივე ნიშნულზეა.
აღსანიშნავია, რომ სექტორის მონაწილეებს საკმაოდ დაბალი ლევერიჯი აქვთ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, საკმარისი ფულადი ნაკადები რჩებათ დივიდენდის გასაცემად და/ან კაპიტალური დანახარჯებისთვის“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
„იფქლი“ უმსხვილესი პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ ₾83 მილიონი შეადგინა 2022 წელს და მეორე მოთამაშეს „იფქლი დიღომს“ 34%-ით აღემატება. „ლიტვური საცხობი“ კი ₾13 მილიონიანი ბრუნვით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება უმსხვილეს მწარმოებლებს.
2022 წელს შემოსავლების საკმაოდ მაღალი ზრდა შენარჩუნდა და თითოეული წარმოდგენილი კომპანია წლიურად დაახლოებით 30%-40%-ით გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით კი კომპანიების ბრუნვა 2-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა.
კომპანიების საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) 36%-ია, კომპანიების შემოსავლიანობის ზრდის ძირითადი მიზეზი პროდუქციის გაყიდვების რაოდენობრივი ზრდაა.
Finspot-ის ინფორმაციით, საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში 25%-28%-ის ფარგლებშია „იფქლისა“ და „იფქლი დიღომის“ შემთხვევაში. ამ ხარჯების უმსხვილეს ცალკეულ კომპონენტებს წარმოადგენს დასაქმებულთა ანაზღაურება, სარეკლამო ხარჯი და ტრანსპორტირება. 2022 წელს სარეკლამო აქტივობებში ₾3.8 მილიონი და ₾3.4 მილიონი დახარჯეს „იფქლიმ“ და „იფქლი დიღომმა“ შესაბამისად.
ბოლო წლების განმავლობაში წამყვანმა პურის კომპანიებმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადეს საწარმოების გაფართოება-განვითარებისთვის. „იფქლისა“ და „იფქლი დიღომის“ მიერ გაწეულმა კაპიტალურმა დანახარჯებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში ₾20 მილიონი და ₾16 მილიონი შეადგინა შესაბამისად.
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-2022 წლებში კუმულატიურად შემდეგნაირად გამოიყურება: - „იფქლი“ ₾9.8 მილიონი; „იფქლი დიღომი“: ₾2.9 მილიონი (₾5.6 მილიონი 2017 წლის ჩათვლით); „ლიტვური საცხობი: ₾1.8 მილიონი.
შპს „იფქლის“ მფლობელებია: შაქრო ბაკურაძე (40%); ვასილ ბაკურაძე (30%); ბაქარ ბაკურაძე (30%).
შპს „იფქლი დიღომის“ მფლობელებია: ნისან იოსებაშვილი - 70%; დანიელ იოსებაშვილი -30%.
შპს „ლიტვური საცხობი +“-ის მფლობელია თინათინ ხუციშვილი (100%).
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.