იუსტიციის სამინისტრო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნით კმაყოფილია და მასში მოყვანილ ხარვეზებზე არ საუბრობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ანგარიშში პატიმრების მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება. რაც შეეხება კლინიკა ვივა მედს, მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, “ვივა მედში” მყოფი ყველა მსჯავრდებული, ექსპერტების შეფასებით, კმაყოფილია მიღებული სერვისებით.
სამინისტრო CPT-ს ანგარიშში მოყვანილ ხარვეზებზე არ საუბრობს.
“ექსპერტების შეფასებით, ყველა ის მსჯავრდებული, იმ მსჯავრდებულების უმრავლესობა, რომლებიც მკურნალობას გადიან კლინიკა ვივა მედში, არიან კმაყოფილი მიღებული სამედიცინო სერვისით და ექსპერტებიც საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ, რომ კლინიკა ვივა მედში არის შექმნილი ყველანაირი პირობა, რომ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ პატიმრებს. აქ საუბარია როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე სამედიცინო პერსონალზე და მიწოდებულ სამედიცინო სერვისზე” ამბობს მინისტრ ბრეგაძის მოადგილე.
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი მესამე პრეზიდენტის საქმეზე დასკვნას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კლინიკა „ვივა მედში“ არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს ს მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე ანგარიშში წერია, რომ დაწესებულებაში პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა. კიდევ ერთი ხარვეზი იყო ის, რომ კლინიკას არ ჰყავდა დასაქმებული არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგი. კომიტეტი აკრიტიკებს ვივა მედის კლინიკაში მიღებულ უსაფრთხოების გადაჭარბებულ ზომებსაც, რაც კომიტეტის თქმით, შეუთავსებელია თერაპიისთვის და ასევე აზიანებს ნდობას პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლინიკა პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს, რადგან “საბოლოო სიტყვა არა ექიმებზე, არამედ პენიტენციურ სისტემაზეა”.
იხილეთ ასევე:
· დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს სათანადო მკურნალობას, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია | ენმ CPT-ს ანგარიშზე