იუსტიციის სამინისტრო აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალი გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ბრიუს შვარცმა.
„აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების პარაფირება ხანგრძლივი მოლაპარაკებების ლოგიკური ეტაპია. მას წინ უძღოდა 2023 წლის იანვარ-თებერვალში ორმხრივი კონსულტაციები მხარეებს შორის თბილისში.
ექსტრადიციის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სწრაფ და მოქნილ თანამშრომლობას და გაზრდის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობას.
დოკუმენტის პარაფირების ცერემონიამდე იუსტიციის მინისტრი აშშ-ის გენერალურ პროკურორ მერიკ ბ. გარლანდს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ მეტად გაძლიერებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.