იუსტიციის სამინისტრომ აამოქმედა „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრის“ ვებგვერდი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაახლა რეესტრების ვებგვერდები. განახლებულ ვებსაიტზე გამოჩნდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრიც“ (ე.წ. აგენტების რეესტრი), რომლის შექმნაც „აგენტების კანონით“ იყო გათვალისწინებული.
რეესტრში საიდენტიფიკაციო ნომრითა და სახელით შეიძლება იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მოძებნა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსების გამო „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირება კანონით ევალებათ.
ამ დროის [5 აგვისტო, 12:30 საათი] მონაცემებით, ამ რეესტრში ჯერ არცერთი ორგანიზაცია არ ჩანს. საჯარო რეესტრის “ცხელ ხაზზე” ამბობენ, რომ კანონი სულ რამდენიმე დღეა ამოქმედდა, ორგანიზაციები კი ამ ბაზაში რეგისტრაციის გავლის შემდეგ გამოჩნდებიან.
1 აგვისტოს გამოქვეყნდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ