იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“. მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაგრძელდება.
ამასთან, პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა. პოლიციის კორდონებმა გადაკეტეს პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ მიმავალი ქუჩები.
კანონპროექტს კომიტეტი 10:00 საათიდან ხმაურის ფონზე განიხილავდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებდა, რომ კოლეგების მიერ სადავო კანონპროექტის მოხსენიება „რუსულ კანონად" დეზინფორმაციაა და ყველას, ვინც ამ ტერმინს იყენებდა, მყისიერად უთიშავდა მიკროფონს. მან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი სხდომიდან გააძევა.
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტებს.
პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:
· კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
· მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
· მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს, სხვა დანარჩენს დაცვა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა.
საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა „უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.