ისრაელში, მძევლების დაბრუნების მოთხოვნით, საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს

ისრაელში საყოველთაო გენერალური გაფიცვა დაიწყო იმ ფონზე, როცა ღაზაში 6 მძევლის ცხედრების აღმოჩენის შემდეგ ქვეყანაში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქციები გამართა და ხელისუფლებას მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის დაჩქარებისკენ მოუწოდა.
ისრაელის უმსხვილესმა პროფკავშირმა, „ჰისტადრუტმა“, დღეს დილიდან, ადგილობრივი დროით 6:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით გენერალური გაფიცვის განკარგულება გასცა.
მედიის ინფორმაციით, დაიხურა სამთავრობო და მუნიციპალური ოფისები, ასევე სკოლები და ბევრი კერძო ბიზნესი. ისრაელის საერთაშორისო აეროპორტმა „ბენ გურიონმა“ მუშაობა ორი საათით შეაჩერა.
”მივედი დასკვნამდე, რომ მხოლოდ ჩვენს ჩარევას შეუძლია შეანჯღრიოს ისინი, ვისაც შენჯღრევა სჭირდებათ. შეთანხმების მიღწევის კუთხით პროგრესი არ ხდება პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და ეს მიუღებელია“, – აღნიშნა „ჰისტადრუტის“ ხელმძღვანელმა, არნონ ბარ-დევიდმა.
თელ-ავივის და გივათაიმის მერებმა განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტები ორშაბათს მძევლების დაბრუნების მოთხოვნით გაიფიცებოდნენ.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი