ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელი და ჰეზბოლა მიანიშნებენ, რომ არ სურთ თავდასხმების ესკალაცია

ისრაელმა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰეზბოლამ 25 აგვისტოს გაცვალეს ინტენსიური სარაკეტო ცეცხლი, თუმცა შემდეგ მიანიშნეს, რომ არ სურთ კონფლიქტის ესკალაცია - იმ ფონზე, როცა ძლიერდება შიშები რეგიონის მასშტაბით ომის საფრთხეზე.
ისრაელი აცხადებს, რომ პრევენციული საჰაერო დარტყმები განახორციელდა ირანის მხრიდან მხარდაჭერილი ჰეზბოლას სამიზნეებზე სამხრეთ ლიბანში - მას შემდეგ, რაც ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა ცნობები, რომ ჰეზბოლა დილით თავდასხმის მოსაწყობად ემზადებოდა.
ჰეზბოლას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ მოგვიანებით განაცხადა, რომ თავდასხმებით - რომლებიც არ მოიცავდა მაღალი სიზუსტის ან სტრატეგიულ რაკეტებს - მიზანში ამოიღეს "გილიოტის ბაზა, ანუ ისრაელის სამხედრო დაზვერვის მთავარი ბაზა" თელ-ავივთან ახლოს, 100-მდე კილომეტრის მოშორებით სამხრეთ ლიბანის საზღვრიდან.
ნასრალამ სატელევიზიო გამოსვლაში დასძინა, რომ ისრაელმა ჰეზბოლას სამიზნეებს ცეცხლი გაუხსნა დაახლოებით 30 წუთით ადრე მანამ, სანამ ჯგუფი განახორციელებდა შეტევას, მისი ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობის პასუხად.
ნასრალას, და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამეინისადმი მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის პრევენციული ოპერაცია იყო "კიდევ ერთი ნაბიჯი, გადადგმული ვითარების შეცვლისთვის ჩრდილოეთში და ჩვენი მაცხოვრებლების სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის".
ჩრდილოეთ ისრაელში ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის თავდასხმების ფონზე - ეს თავდასხმები გახშირდა ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.
25 აგვისტოს თავდასხმები მოიცავდა ათასობით რაკეტასა და დრონს, რამაც გაზარდა შიში ომის ესკალაციის შესახებ. თუმცა, როგორც ჰეზბოლას წარმომადგენელი წერლობით განცხადებაში ამბობს, ჯგუფმა "იმუშავა" იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს თავდასხმა არ გადაიზრილიყო სრულმასშტაბიან ომში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.