ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი დრონებით თავს ესხმის
ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი პრესსპიკერი ავიხაი ადრაი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა.
მისი თქმით, დრონები ისრაელის ტერიტორიას რამდენიმე საათში მიაღწევს.
იგი ასევე ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს იღებენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ.
სპიკერის თქმით, ამ დროისთვის გამორთულია GPS სერვისები.
.„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისკენ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. საჰაერო თავდაცვის სისტემა არის სულ მზადყოფნაში, ისევე როგორც საჰაერო ძალების თვითმფრინავები და საზღვაო ძალების ხომალდები, რომლებიც ასრულებენ მისიას ქვეყნის ცის დასაცავად. IDF აკონტროლებს ყველა სამიზნეს“, – ნათქვამია IDF-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.