ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი20 აპრილს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), მოსადმა და შინ ბეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დაადასტურეს, რომ გამოვლენილია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ მხარდაჭერილი ქსელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და აზერბაიჯანში ებრაულ სამიზნეებზე თავდასხმებს გეგმავდა. მანამდე ანალოგიური ინფორმაცია აზერბაიჯანმაც გაავრცელა.
ერთობლივი განცხადების მიხედვით, დაჯგუფების გეგმები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აზერბაიჯანის სამართალდამცავმა ორგანოებმა მათი წევრები დააკავეს. გავრცელებული ცნობებით, დაკავებისას ეჭვმიტანილებს თან ჰქონდათ ფეთქებადი დრონები და სხვა სახის საბრძოლო მასალები, რომლებიც აზერბაიჯანში კონტრაბანდულად შეიტანეს.
ისრაელური სააგენტოების მიხედვით, დაჯგუფების წევრები ირანიდან მიღებული პირდაპირი მითითებებით მოქმედებდნენ და ქვეყანაში სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდნენ. ისრაელის განცხადებით, IRGC-ის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება აზერბაიჯანში სხვა ობიექტებზე თავდასხმებსაც გეგმავდა.
მოსადის, IDF-ისა და შინ ბეთის აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა მსგავს საფრთხეებს გაუმკლავდნენ და ხელი შეუშალონ ირანის მცდელობებს, რომ მიზანში ამოიღონ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და უცხოეთში მდებარე დიპლომატიური ობიექტები.
ცნობისთვის, მარტის დასაწყისში ირანმა დრონებით ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალის შენობასა და ახლომდებარე სკოლის ტერიტორიას დაარტყა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაშავდა.
ამის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად ქვეყანაში რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დავალებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას გეგმავდნენ.
აზერბაიჯანში დააკავეს პირები, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აფეთქებას გეგმავდნენ
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ განაცხადა, რომ საზოგადოებაში პანიკის გამოწვევისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ზიანის მიყენების მიზნით, თავდასხმის სამიზნეებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, აზერბაიჯანში ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა იყო შერჩეული.
საქმის ფარგლებში დაკავებულმა აზერბაიჯანის 8 მოქალაქემ აღიარა, რომ იმ პირების დავალებებს ასრულებდა, რომლებიც IRGC-სთან იყვნენ დაკავშირებული.
ხოლო ირანის დავალებებით მოქმედი ქსელის გამოვლენის შემდეგ თეირანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკას მტკიცე გაფრთხილება გაუგზავნა და ქვეყნის ტერიტორიიდან “სიონისტების გაძევებისკენ” მოუწოდა.
ირანის რეჟიმი აზერბაიჯანს ემუქრება და ქვეყნიდან “სიონისტების გაძევებისკენ” მოუწოდებს