ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა

ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ზავის ძალაში შესვლის წინ, ს არმიამ სოციალური ქსელებით გაავრცელა არაბულ ენაზე მომზადებული ვიდეო და ღაზის სექტორის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა.
ისრაელის არმია ღაზის სექტორის მცხოვრებთ მიმართავს, რომ ჰუმანიტარული პაუზა დროებითია, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი სახიფათო ზონად რჩება და სამხრეთში, ჰუმანიტარულ ზონაში უნდა დარჩნენ.
ასეულობით ათასმა პალესტინელმა ჩრდილოეთ რაიონები დატოვა და სამხრეთში გადავიდა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში, ისრაელის არმიამ რეგიონის ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
გამოცემა Haaretz-ის ინფორმაციით, 23 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ დროებითი ზავი იქნება მხოლოდ ხანმოკლე შესვენება, რომლის შემდეგაც ინტენსიური ბრძოლები განახლდება და სულ მცირე ორ თვეს გაგრძელდება.
დღეს, 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ძალაში შევიდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ამ კვირაში მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების 4 დღით შეწყვეტას და ღაზის სექტორში მყოფი მძევლების ნაწილის და ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას. ასევე, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას, მათ შორის საწვავის შეტანას.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მთავარი შუამავლის, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის უნდა გათავისუფლდეს მძევლების პირველი ჯგუფი – 13 ქალი და ბავშვი. ისრაელის ციხეები უნდა დატოვოს 39-მა პალესტინელმა ქალმა და არასრულწლოვანმა. გარდა ამისა, ღაზის სექტორში ყოველდღიურად უნდა შევიდეს 200 ავტომანქანა ჰუმანიტარული ტვირთით და 130 000 ლიტრი დიზელის საწვავი.
შეთანხმების თანახმად, 4-დღიანი ზავის პერიოდში ღაზის სექტორიდან უნდა გათავისუფლდეს საერთო ჯამში, 50 მძევალი ქალი და ბავშვი. ისრაელის საპატიმროები უნდა დატოვოს 150-მა პალესტინელმა ქალმა და არასრულწლოვანმა. ისინი ისრაელში სასჯელს იხდიან მასობრივ არეულობებში მონაწილეობისა და ისრაელის მოქალაქეებზე ცივი იარაღით თავდასხმის ბრალდებებით.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 22 ნოემბერს დაუჭირა მხარი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზის სექტორში 200-ზე მეტი მძევალია.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი.
· დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ – ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს!