ისნის რაიონში საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, ღონისძიებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ალეკო ონიანის ოჯახის წევრებთან და გმირის თანამებრძოლებთან ერთად დაესწრნენ.
„უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე (ალეკო) ონიანი დაიბადა 1981 წლის 9 მარტს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, რუსულ მოტომსროლელ ბატალიონთან უთანასწორო ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან, სადაც ქართული შენაერთი მოწინააღმდეგის ალყაში მოექცა. ალეკო ონიანმა მძიმედ დაჭრილი მისი ნათლული, კაპრალი რომან ზოიძე, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, არ მიატოვა. ტყვედ აყვანის საშიშროებისთანავე, ხელყუმბარით თავი აიფეთქა, მტერს არ ჩაბარდა და მისი ცოცხალი ძალაც დააზიანა.
ალექსანდრე ონიანს, (სიკვდილის შემდეგ) 2009 წელს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, ხოლო 2021 წელს, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
საქართველოს ეროვნული გმირი, ალექსანდრე ონიანი, დაკრძალულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის სასაფლაოზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში