ირმა ინაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის ინტრიგების, ჩურჩულის, ჩაწვეთების, დეზინფორმაციისა და ცილისწამების მსხვერპლია – კარგი იქნება, გააგრძელოს პოლიტიკური ბრძოლა

ირაკლი ღარიბაშვილი აწ უკვე მიბრძანებული მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის ინტრიგების, ჩურჩულის, ჩაწვეთების, დეზინფორმაციისა და ცილისწამების მსხვერპლია. ეს აჩვენებს, რა სისტემით იმართება დღეს ქვეყანა. ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაწყებული, ეს გუნდი მიზანმიმართული ცილისწამებებითა და დაბეზღებებით ებრძოდა არამარტო ღარიბაშვილს, ებრძოდა ჩვენს პარტიას, მებრძოდა მე… მათი მიზანი იყო, რომ გზიდან ჩამოეშორებინათ ნებისმიერი , – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

კითხვაზე, თუ ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაიწყო, რატომ მოექცა ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გავლენის ქვეშ და რატომ დაუჯერა მას, ინაშვილმა უპასუხა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გავლენის ქვეშ მოექცეს, თუ მას გამუდმებით რაღაცას აწვეთებენ.

“ნუ გავაპრიმიტიულებთ პროცესს. ჯერ ერთი, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცეს. თქვენც რომ გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც 24 საათის მანძილზე გიჩურჩულებთ რაღაცას, შესაძლოა, თქვენც მოექცეთ გავლენის ქვეშ. თქვენ არ აქცევთ ყურადღებას კობახიძე-მდინარაძის ტანდემს და ისრები ყოველთვის ბიძინა ივანიშვილზე გადაგაქვთ. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ორი ადამიანი ამ ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ეს ადამიანები [ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე] პარლამენტში პატარა უზურპატორებად ყალიბდებოდნენ, შემდეგ კი დიდი უზურპატორები გახდნენ. შემდეგ ამოაყირავეს საკანონმდებლო სისტემა, დანერგეს უკანონო კანონები, სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს. ცხადია, რაღაც ხდებოდა ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო ივანიშვილი და რაღაცის შესახებ არ იქნებოდა ინფორმირებული. ესენი ივანიშვილს არწმუნებდნენ, რომ ამით საზოგადოების კონტროლი ექნებოდათ, საზოგადოება დამშვიდდებოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ ვიცით, ივანიშვილი მათ რას ეუბნებოდა. იქნებ, სწორედ იმ პერიოდიდან მწიფდებოდა და იცვლებოდა ივანიშვილის დამოკიდებულება მაგალითად მდინარაძისადმი, რომელიც დღეს უკვე მიბრძანებულია. იქნებ დღეს ივანიშვილი იმისთვისაც არის უკვე მომწიფებული, რომ კობახიძე, რომელიც მუდმივად ივანიშვილისკენ იშვერს ხელს, ნელ-ნელა მიაბრძანოს დაკავებული თანამდებობიდან?

ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილს ეპიზოდურ ბრძოლებშიც მოუგო და ბოლოს მის ინტრიგებს შეეწირა ღარიბაშვილი, იმის მიუხედავად, რომ ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის აღზრდილი იყო, დიდი ამაგი ჰქონდა ივანიშვილს მასზე. ბოროტების გაკეთებას დიდი ნიჭიერება არ უნდა. ნიჭიერება კეთილი საქმეების გაკეთებას სჭირდება, თორემ ასე წვეთ-წვეთად ბოროტებებით, ცილისწამებებითა და დაბეზღებებით გაანეიტრალო პოლიტიკური ველი, ეს დიდი ნიჭიერების გამოხატულება არ არის. უნდა ვთქვათ, რომ ამით აჯობა კობახიძემ ღარიბაშვილს, მაგრამ რა ვითარება შექმნა მისმა მმართველობამ ქვეყანაში? საგარეო კუთხით სრული კრახი გვაქვს, ქვეყანა გადამტერებულია ევროპასა და ამერიკას და მეორეს მხრივ, ქვეყნის შიგნით რა გვაქვს, რა წარმატებას მიაღწია კობახიძის მმართველობამ ამ ორი წლის მანძილზე? აგრესია, დაუნდობლობა, სისასტიკე, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება, ღვარძლი, ბოღმა. ეს ქვეყანა ძალიან დაემსგავსა იმ კაცს, რომელიც მას მართავს. თუ მმართველი დაუნდობელი და სასტიკია, აფერისტი და მაბეზღარა, სახელმწიფოც ასეთი ხდება.

ახლა ნორმალურია, რასაც პროკურატურისგან ვიგებთ? რომ მეგობარმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი დაადო ირაკლი ღარიბაშვილს. პირდაპირ ჩანს აქ – დაადე ხელი, დააბრალე ის, რაც არ ჩაუდენია და მიიღებ უფრო ნაკლებ სასჯელს. რა სასჯელია სამი წელი? თქვენ წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს ჩვენ საქმე? ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი მოქრთამვა”, – განაცხადა ინაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ღარიბაშვილი პოლიტიკაში ჩაერთოს და ოპოზიციიდან ებრძოლოს ხელისუფლებას, ინაშვილმა უპასუხა, რომ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თუმცა ის მასში დიდ პოტენციალს ხედავს.

“მე მასში ვხედავ პოტენციალს და პირდაპირ ვამბობ, დღესაც კი, ასეთ დაზიანებულ ღარიბაშვილს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს “ქართული ოცნების” ელექტორატსა თუ ტრადიციონალისტებს შორის, ვიდრე კობახიძეს. აბა, გავიდეს კობახიძე და ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გარეშე იყაროს კენჭი, რამდენ ხმას აიღებს.

მე საჯაროდ მივმართე და შევთავაზე ღარიბაშვილს [“პატრიოტთა ალიანსთან” გაერთიანება], არ ვიცი, რას გადაწყვეტს. თუ მისი მხრიდან იქნება პოზიტიური გამოხმაურება, კარგი იქნება, რომ გააგრძელოს პოლიტიკური ბრძოლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ იქნება დადებითი პასუხი, პირდაპირ ვიტყვი, რომ მასზე არ ვაგებთ ჩვენ მომავალს, ჩვენ ჩვენი გზა და ჩვენი გეგმები გვაქვს”, – განაცხადა ინაშვილმა.