ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე”.
“მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე. ქვეყანამ, რომელიც სხვა ცივილიზაციების განადგურებას ცდილობს, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს”, – წერს მოუჯანი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო იმედოვნებს, რომ აშშ საქართველოს შემთხვევაში არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს.
კერძოდ, მარკო რუბიომ კონგრესში უპასუხა კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვას, რომელმაც „ქართული ოცნება“ ირანისა და ჩინეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მარკო რუბიოს ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს, რათა „მოვაგვაროთ საქართველოში “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენს უთხრა, რომ „მართალია“ და ყველაფერი, რაც აღნიშნა, აშშ-ის „არსებული შეშფოთებებია“, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომელიც ვაშინგტონს მიანიშნებს, რომ მათ ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. შესაბამისად, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-მა „ქართულ ოცნებასთან“ მოთხოვნები წარადგინა, რაზეც „გარკვეული დადებითი პასუხები“ მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევაში „დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს“.
რუბიომ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად ჰკითხა, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის, რაზეც ვაშინგტონმა უპასუხა. რუბიო იმედოვნებს, რომ ამის საფუძველზე პროგრესი იქნება მიღწეული და, „არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ“.




