ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტის, დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია – ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
“ამათ აბსოლუტურად სხვა რამე ამოძრავებთ. არც ერთი დღე და არც ერთი წუთი ამ ბავშვების ბედი მათ არ აღელვებდათ. მათ თავიდან ბოლომდე ამოძრავებთ პოლიტიკური ქულების დაწერის და პოლიტიკური მიზნების მიღწევის სურვილი. ეს არის ხელისუფლების დასუსტება, ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვა და ხელისუფლების დამხობა, რასაც ვერასდროს მიაღწევენ”, – განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა. მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც არიან. შეწყალებულმა პირებმა საპატიმროები 27 აგვისტოს დატოვეს.