ირაკლი ჩიქოვანი – პრაქტიკულად ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით

პრაქტიკულად ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე განუცხადა.
მინისტრმა მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.
ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობითა და საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ჩართულობით პირველივე წუთიდან თურქეთის მხარესთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდებოდა.
„თურქეთის მხარესთან კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა მოხერხდა. საგამოძიებო პროცედურები გრძელდება, ადგილზე იმყოფებიან თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების წარმომადგენლები და მოძიებული გარემოებების ერთობლიობა დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში თურქულმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა – C-130 კატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში