საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე საუბრობს, ოპოზიციის ნაწილისთვის იყო ნიშანი, რომ შტურმი დაეწყოთ.
ქადაგიშვილი ყველაფერ ამას შეთანხმებულ ქმედებას უწოდებს.
„როგორც კი ღარიბაშვილმა ეს სტატუსი გამოაქვეყნა, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, მათი „ფეისბუქ“ ლიდერები გამოვიდნენ და ზუსტად იგივე ნარატივის გაგრძელება, გაღრმავება დაიწყეს. ვფიქრობ, დროული იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტზე დაეწყო დამატებით საგამოძიებო მოქმედებები. არცერთ გამოკითხულს არ გააჩნდა არანაირი ინფორმაცია, შემხებლობა ჯორბენაძის „ქეისთან“. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ აქ ის კი არ იყო, რომ ამ ადამიანებმა რაღაც იცოდნენ და ახლა საშუალება მიეცათ და ხმა ამოიღეს, არამედ არის პირდაპირი ფაქტი, რომ ერთი განცხადება მათთვის იყო შტურმის წარმოების ნიშანი, ანუ შეთანხმებული ქმედება იყო.
თავისას არ იშლიან, არაფერი არ იციან, არაფერთან შემხებლობაში არ არიან და ამ ტყუილებით ცდილობენ… ესენი ხომ სიკვდილის გარშემო ცოცხლობენ?! ამით უნდათ რომ იცხოვრონ. ადამიანის ტრაგედიით უნდათ, თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება გაიხანგრძლივონ. მათი საკვები არის მუქარა, ძველი რეპრესიების ნოსტალგია და თუ ვინმეს რაიმეს დააბრალებენ და თუ ვინმეს გარდაცვალების გარშემო პოლიტიკურ საკვებს მოძებნიან, ეს არის მათი მთელი შინაარსი. უკაცრავად, მაგრამ მათ ამ სუიციდურ მისწრაფებებს ვერ აჰყვება საქართველო, ხელისუფლება და საზოგადოება“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება გამოკითხულთა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო უწყება ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ნახსენებ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს გამოკითხვაზე არ იბარებს, ქადაგიშვილის ამბობს, რომ მათ შეუძლიათ მიტინგი მოაწყონ საკუთარი სურვილები დემონსტრირებისთვის“.
„მათი ამ პოლიტიკური მარაზმის დიდხანს ყურება და კომენტარების გაკეთება, ცოტა ზედმეტიც არის“,- განახადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.




