ირაკლი ქადაგიშვილი – ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მათი მოსვლის შანსი წლიდან წლამდე უფრო მცირე ხდება

ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ, მათი ძირითადი აქცენტია სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობაზე, ამიტომ აფინანსებენ მათ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე. კერძოდ, გვარამიამ აღნიშნა: „ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, ამის თქმის არც მრცხვენია და არც მეპრობლემება“.
ქადაგიშვილის თქმით, თავის მცირერიცხოვან ამომრჩეველს ფუჭი განცხადებებით კვებავს.
„საარჩევნო შედეგებს თუ ვნახავთ, მათი ხელისუფლების შანსი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მცირე ხდება. რა თქმა უნდა, მათ საარჩევნო გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ, გადატრიალების უნარიც არ აქვთ და ამიტომ თავიანთ მცირერიცხოვან ამომრჩეველს ფუჭი განცხადებებით კვებავენ. ყველაფერი ხელისგულზე დევს.
ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, რადგან ქართველ ხალხს ახსოვს ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს როგორი იყო ცხოვრება. მათ შორის, როგორი იყო დემოკრატია, „დემოკრატიის მამები“ ხომ არიან. უზურპირებული, დარბეული და მიწასთან გასწორებული და ერთ კაბინეტში სარედაქციო მედიაგარემო იყო საქართველოში. ახლა კი ეს ადამიანი ამბობს, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეო. ბიზნესს ესაუბრება, რომელიც დატერორებული იყო. გახსოვთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესმენები მოვიდნენ, რომლებიც მოჰყვნენ, ციხეში როგორ გადიოდნენ საკონცენტაციო ბანაკების მსგავს სიტუაციას. ეს ამ ბიზნესს, მედიას და ქართულ საზოგადოებას ხომ ახსოვს? რა თქმა უნდა, ისინი ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ. მათი ძირითადი აქცენტია სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობაზე, ამიტომ აფინანსებენ მათ.
ხელისუფლებაში არჩევნებით რომ მოვიდნენ, ამის შანსი არ აქვთ და ეს კარგად იციან. გაგიგიათ, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდეს, რასაც აქ გვარამია-ხოშტარია და მათი და-ძმანი ახორციელებენ?  მსგავსი რამე ევროპის არცერთ ქვეყანაში არც დაესიზმრებათ. აბა, ნახეთ, სომხეთში ოპოზიციის ლიდერი რის გამო დააკავეს. ეს განცხადება საზოგადოებას მოასმენინეთ. საქართველოში მსგავს განცხადებას კი არა, უარესს ქმედებებს აყურებინებენ საზოგადოებას. ასეთი განცხადებებით საკუთარ ბაბლში ტრიალებენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი