ირაკლი ნადირაძე – სამთავრობო ცვლილებებით მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება – უბრალოდ, ერთი „კლანი“ მეორე „კლანს“ ცვლის

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებით მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება, უბრალოდ, ერთი „კლანი“ მეორე „კლანს“ ცვლის.
როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვის დასვამს მნიშვნელობა არ აქვს.
„ვინ შეიცვლება ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ამ ცვლილებების შედეგად რა შეიცვლება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბიძინა ივანიშვილი უკვე მერამდენე პრემიერს ცვლის, თუმცა ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება. ხვალ როდესაც ისინი კანდიდატებს წარადგენენ და შემდეგ ამას პარლამენტი დაამტკიცებს, ალბათ, არავის გვაქვს მოლოდინი, რომ მაღაზიაში ან ბაზარში გავალთ და პროდუქტზე ფასი შემცირებული იქნება, ან მედიკამენტი გაიაფებული იქნება, ან საწვავს 1 ლარი მოაკლდება და ა.შ. ამით არაფერი იცვლება, უბრალოდ ერთი „კლანი“ შეცვლის მეორე „კლანს“, ახლა ისინი დაიწყებენ ხალხის ხარჯზე ფულის შოვნას“, – განაცხადა ნადირაძემ.
ნადირაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან პარტიის თავმჯდომარედ იმიტომ გადაჰყავს, რომ „მისი ერთგული მოურავია“.
„ირაკლი ღარიბაშვილმა თავი კორუფციით დაგვამახსოვრა, ნორმალურ ქვეყანაში, რომ დადასტურებულიყო, რომ პრემიერმა თავის ცოლს ტყე აჩუქა – მითხარით ერთი ევროპული, ცივილიზებული ქვეყანა, სადაც ასეთი პრემიერი თანამდებობაზე დარჩებოდა? ან როდესაც გასაჯაროვდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო რეისი გამოიყენა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი შვილი სასწავლებლად წაეყვანა და ამაში ასობით ათასი ლარი გადაიხადა. არ მინდა საზოგადოებას შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა კორუმპირებული პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი გადაიყვანა, მთავრობას ჩამოაშორა და ძალაუფლება დააკარგვინეს და მას მოჰყავს, რომელიც კორუმპირებული არ არის! ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში ტენდერი არ ტარდება, საიდანაც კონკრეტულ კომპანიას, რომელსაც მსხვილი ტენდერები აქვს არ ავალდებულებენ, რომ ფული არ მიიტანოს პარტიაში, „ქართული ოცნების“ შემომწირველები არ გახდეს და დარწმუნებული ვარ, ერთი იმდენი შავი ფული მიაქვთ. აი, ამ ფულს განკარგავდა ირაკლი . ის, რომ ირაკლი კობახიძე კორუმპირებული არ არის, დიდ ბოდიშს ვიხდი – ტენდერებიდან, ბიუჯეტიდან წასული შემოწირულებები, შავი ფული ირაკლი კობახიძესთან ხდებოდა და ის ერთ-ერთი მთავარი განმკარგავი იყო. თუ რატომ გადაიყვანა ივანიშვილმა ღარიბაშვილი პარტიაში? – ალბათ, მთლად სახლში გაშვება არ გამოვა, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ერთგული მოურავი. ეს ადამიანი მზად არის, რომ ნებისმიერ დროს, უთავმოყვარეოდ კვლავ დაბრუნდეს, ახალი სამინისტრო ჩაიბაროს, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი სურვილი შეასრულოს. თუმცა კობახიძეც იგივეთი იქნება დაკავებული. იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის სათამაშოები.
ბიძინა ივანიშვილის თავში რა იხარშება, ეს რთული სათქმელია, თუმცა გათვლა სინამდვილეში არის მარტივი, რომ რამენაირად შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ოპოზიცია ახლა არ უნდა მოდუნდეს, რადგან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, „ბიძინა ივანიშვილი დასამარცხებელია“.
„ოპოზიცია არ უნდა მოდუნდეს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი დასამარცხებელია. ის არის ადამიანი, რომელიც არის ძალიან გაქნილი, თაღლითი და მატყუარა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველა გზით ხელისუფლება და ძალაუფლება შეინარჩუნოს. კვლევებს მარტო ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები კი არ ატარებენ, თვითონაც ატარებენ და მათაც იციან, რომ ძალიან მძიმე დღეში არიან. ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით ჩანს, რომ გაერთიანებული პროდასავლური ოპოზიცია, კოალიცია ბიძინა ივანიშვილის ამარცხებს. ამიტომ ჩვენი ამოცანა ახალა არის, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შევხდეთ, ქვეყნის შიგნით ვიმუშაოთ ჩვენს ამომრჩევლებთან და მოქალაქეებთან, ასევე ქვეყნის გარეთაც ვიმუშაოთ, კერძოდ, ჩვენს დიასპორასთან. მათ შორის, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან აქტიურად კომუნიკაციაში ვიყოთ, იმისთვის, რომ მეტი დამკვირვებელი ქვეყანაში ჩამოვიდეს“, – აღნიშნა ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ