ირაკლი მარგველაშვილი – არსებობს იმის რესურსი, რომ მედიკამენტებზე ფასების კორექტირება მოხდეს

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე არსებობს იმის რესურსი, რომ ფასების კორექტირება მოხდეს.
როგორც მან მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო კომისიისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, მედიკამენტებზე უნდა დადგინდეს „სამართლიანი ფასი“.
„თანამშრომლობის საფუძველზე რესურსი ყოველთვის არსებობს, საუბარია სამართლიან ფასებზე, რომელიც უნდა იყოს. საქართველოში ფასთა წარმოქმნის რეგულაციის პროცესი უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. ალბათ, საუბარი არის პროცესის უფრო მეტად დახვეწაზე, მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებში გავრცელებაზე. საქართველოში დაახლოებით 7 ათასი მედიკამენტი უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით, მაგრამ კიდევ ერთი მაგდენი, სავარაუდოდ, რჩება მიღმა. ალბათ, პირველ ეტაპზე უპრიანია ვისაუბროთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე, რომელიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ“, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამის განვითარება, რაც მედიკამენტებზე წვდომას უზრუნველყოფს. მისი განმარტებით, „უნდა დადგინდეს ის სამართლიანი ფასი, რაც სახელმწიფომ და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადაიხადოს მედიკამენტებში“. ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, არ არსებობს იაფი და ძვირის კატეგორია, არამედ არსებობს “სამართლიანი ფასი“.
“სამართლიანი ფასი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს გეოგრაფიული მდებარეობიდან, მოწოდების გზებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ზუსტად ამისთვის არის ეს შეხვედრები, რომ დადგინდეს ის ფასი, რომელიც სამართლიანი იქნება საქართველოსთვის”, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!