დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, საქართველო-ტაჯიკეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს ისტორიულად ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, დღეს შედგა პირველი ვიზიტი უმაღლეს დონეზე საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად, ეს ვიზიტი თავისი შინაარსით შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები ჩვენი ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო დღეს შევხვედროდი პრეზიდენტ რაჰმონს.
გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე. წელს, ტაჯიკეთის რესპუბლიკა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს. მინდა, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ტაჯიკ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და შემდგომი წარმატება.
აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ტაჯიკეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ დღეს განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის, განვიხილეთ საქართველო-ტაჯიკეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და გამოვთქვით მზადყოფნა, მომავალშიც გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით”, – აღნიშნა პრემიერმა.
ბრიფინგამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა.
“მთავრობის მეთაურმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ თანამშრომლობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პერსპექტივებს, ასევე – რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




