ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – „დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ

„დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევას შეეხებოდა.
მისივე თქმით, საქართველოს არ მიწვევა ამ შეხვედრაზე არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით.
„იცით რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როცა ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე. ჯერ სრულიად უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე. ქართველ ხალხს უთხრეს უარი, არავითარი დასაბუთება არ ყოფილა. შემდეგ 1.5 წელი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და ა.შ. ეს უსამართლობა გრძელდება. ეს არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით, რაც არის ძალიან სამწუხარო.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თავის დროზე მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენი მხრიდან არის საჭირო. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ განსხვავებული დავალება, ამ შემთხვევაში მიდგომა შეიცვლება. მაგრამ, ჯერჯერობით, „დიფ სთეითისგან“ მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც სამწუხაროა.
[საქართველოს არ მიწვევა] ეს არის უსამართლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა როგორ იქნება, როცა ისინი ჩადიან უსამართლობას?! ჩვენი ბრალი როგორ შეიძლება იყოს 2022 წელს კანდიდატის სტატუსის არ მიღება?! ხომ ხედავთ, რომ არის ტოტალური უსამართლობა? „დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო არ იყო მიწვეული.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან