იოსელიანი: მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს
"მნიშვნელოვანია, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობის მიმდებარედ მიმდინარე პროტესტს ეხმაურება.
"ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი და მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" - წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.