ინტერვიუ ქალთან, რომელსაც შსს-ს ახალი სამმართველოს ხელმძღვანელმა, თამთა ქიმბარიშვილმა Facebook-ზე კომენტარის გამო უჩივლა.
დიანა გოგოლაძე, რომელიც ქიმბარიშვილის საჩივრის შემდეგ, სასამართლოს მხრიდან 2500 ლარით დაჯარიმდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე “სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნას ეხმაურება და “პირველებთან” ამბობს, რომ “ოცნება“ სოციალური ქსელის კონტროლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა.
- 2026 წლის პირველი ივნისიდან შსს-ში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა სპეციალურმა სამმართველომ, რომლის ფუნქციადაც საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგია“ განსაზღვრული. სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა.
შოკი იყო ჩემთვის, რომ ახალგაზრდა გოგო იცქირება ამ ფოტოდან, ასევე ახალგაზრდა პოლიტიკოსი ბიჭი, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა, რომელიც პროტესტის ფორმა იყო მაშინ, ითხოვდა მის დაპატიმრებას. ცოტა მწარედ, მაგრამ ქვემოთ მივაწერე, როგორ არ გრცხვენია მეთქი, ახალგაზრდა გოგო ხარ და ელემენტარულად მორალი არ გაგაჩნია მეთქი. რამდენიმე ხანი დავმუნჯდი, იმდენად ვერ გავიაზრე, ამ ადამიანს ბოლოს ვეკითხები, თქვენ ცოლ-შვილი გყავთ-მეთქი და მყავსო, მერე ასეთი საქართველოსთვის ოცნებობდით, მეუთხარი, მე სადღაც რაღაც დავწერე, ჩემი აზრი გამოვთქვი რაღაცაზე, რას აკეთებთ. მეოთხე დღეს უკვე სასამართლო მქონდა, დაიწყეს წვეთ-წვეთობით და მივედით აქამდე, ამ ხალხს თუ ჰგონია, რომ აქ ვინმე გაჩერდება, ძალიან ცდება. შინაგანი თავისუფლების მქონე ადამიანი, გამოსავალს ყოველთვის იპოვის, მე ვუთხარი ლელა ცაგარეიშვილს, დახვრეტით ვერ დამხვრეტთ, ძაანაც გინდა, მაგრამ ვერ იზამ და სხვა ახლა რა უნდა გამიკეთო ისეთი, დამიჭირე, არ შემეშინდება, წიგნებს შევიტან და გამოვალ თავისუფალი, – ამბობს დიანა გოგოლაძე.
დღეს გაირკვა, რომ სამმართველოს, რომელიც „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის“ წინააღმდეგ იბრძოლებს – თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.
ვინ არის თამთა ქიმბარიშვილი
თამთა ქიმბარიშვილი იყო შსს-ს იურისტი. მისი შეურაცხყოფის გამო – Facebook პოსტზე კომენტარის გამო – მოქალაქე, დიანა გოგოლაძე 2500 ლარით 2025 წლის ივნისში დააჯარიმეს.
რა მოხდა?
- 2025 წლის 27 აპრილს ქიმბარიშვილის ფოტო ფეისბუკზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა გამოაქვეყნა. პოლიტიკოსმა შს სამინისტროს იურისტს „მონა–ჯალათი, სადისტი და პოტენციური მკვლელი“ უწოდა. ერთ-ერთი, კომენტარი დიანა გოგოლაძეს ეკუთვნოდა. მან ქიმბარიშვილი არაეთიკურად მოიხსენია, რის შემდეგაც იურისტმა მოქალაქეს უჩივლა.
“ქართულმა ოცნებამ“ შსს-ში ახალი სპეციალური სამმართველო შექმნა, რომლის მთავარი ფუნქციაც “საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება”.
მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და “სხვა მსგავს ქმედებებს”.




