“იმის “ერთი ადგილიც” არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო ბოლომდე განეთავსებინა” – კალაძე ხაზარაძეზე

“იმის “ერთი ადგილიც” არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო ბოლომდე განეთავსებინა” – ასე ეხმაურება თბილისის მერი ლელო – საქართველოსთვის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ, 17 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კახა კალაძის ვიდეოს.
საუბარია ძველ ვიდეოზე, რომელშიც კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს აქებს. კალაძის მტკიცებით, ვიდეოში ის საუბრობს “პრობლემებზე და მძიმე ფაქტებზე, რომელიც მაშინ ხდებოდა”, თუმცა მისივე თქმით, მ ეს ვიდეო “მიჭრა და მოჭრა”.
“ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია, როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. იმის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო განათავსა და ის ბოლომდე განეთავსებინა. ისიც მიჭრა, მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა. ეს ვიდეო ხომ ყველამ კარგად იცის, რომელი ვიდეოა, სადაც მე ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ვსაუბრობდი ამაზე და ვსაუბრობდი ასევე იმ პრობლემებზე, გულისტკივილზე და მძიმე ფაქტებზე, რომელიც მაშინ ხდებოდა. ის მეორე ნაწილი მოჭრა და ის პირველი ნაწილი განათავსა, აი აქ იკვეთება და საზოგადოება კარგად ხვდება, ვინ არის მამუკა ხაზარაძე”, – თქვა კახა კალაძემ.
17 იანვარს კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მამუკა ხაზარაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ის “ბინძურ საქმეებს აკეთებდა” და “სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო”.
“ეს რეალურად არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა ნაციონალური მოძრობა. შეიძლება, ბატონი ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის. ყველაფერი გვახსოვს და არაფერი არ დაგვიწყებია, როგორ აუბედურებთ ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს”, – განაცხადა მან.
მოგვიანებით, ადვოკატმა ფორმულას დაუდასტურა, რომ მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს სასამართლოში უჩივლებს.
“გავრცელდა განცხადებები, რომლებიც ლახავს მამუკა ხაზარაძის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, მომდევნო კვირაში სასამართლოში შევა სარჩელი ამ ცნობების უარყოფის შესახებ”, – აღნიშნა მან.