თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი გირჩი) თავმჯდომარე იაგო ხვიჩია გია ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ბარამიძე “სამშობლოს ღალატის”, კერძოდ, “საბოტაჟის” ბრალდებით სწორედ იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს.
“რას არ აბრალებდით გია ბარამიძეს და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეთ? […] ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ სხვა არანაირი რეალური ბრალდება არ გქონდათ […] გია ბარამიძის მიერ სამშობლოს ღალატი ჩემს გადაცემაში, უბრალოდ არაფერში წერია, ეს არის ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი […] მთელი ცხოვრება იძახოდით სისხლიანი ნაცებიო და ბოლოს გამოვიდა, რომ კაცმა 32 წლის წინანდელი ამბავი რომ მოჰყვა, მაგის გამო დაიჭირეთ […]
მაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ასეთი რაღაცის მოყოლის გამო კაცი სამშობლოს ღალატზე გაასამართლო […] ეს იქნება სახელმძღვანელო, იურიდიული ფაკულტეტის სილაბუსში შესატანი ენციკლოპედიური მასშტაბის აბსურდი […] დედამიწის ზურგზე ვერცერთი პროკურორი მე ვერ ამიხსნის, რომ რაც ბარამიძემ თქვა, იმას სამშობლოს ღალატთან რამე კავშირი აქვს […] იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა, რა შუაშია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა […] ლაპარაკის გამო ადამიანის დაჭერა არ შეიძლება […] ბარამიძემ რაც თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ამის გამო ის სამშობლოს მოღალატე არ არის”. – უთხრა ხვიჩიამ რეჟიმის პროპაგანდისტს, შალვა რამიშვილს სანქცირებული POSTV-ის ეთერში სტუმრობის დროს.
პროკურატურის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე “სამშობლოს ღალატის”, კერძოდ, “საბოტაჟის” ბრალდებით დააკავეს. მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმე ეხება გადაცემა საქართველოს დაბადებაში აფხაზეთის ომთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
7 აგვისტოს პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით “სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე” გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, გია ბარამიძემ გადაცემაში საქართველოს დაბადება აფხაზეთის ომზე ისაუბრა. ტყვეების გაცვლის საკითხის განხილვისას მან თქვა, რომ ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა იმიტომ, რომ მათ “ხვრეტდნენ.”
კითხვაზე თუ რა აუცილებლობა იყო ამის? ბარამიძემ უპასუხა, “აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია.”
ბარამიძემ რუსულ მხარეზეც ისაუბრა და თქვა, რომ “ისინი გაცილებით მეტ ტყვეს იყვანდნენ.”
“იქეთ მხარეს დისციპლინა იყო რუსული დისციპლინა და ისინი გაცილებით მეტ ტყვეს იყვანდნენ და იქიდან ბესლან კობახია იყო ჩემი მეორე მხარე ეგრეთწოდებული სეპარატისტების მხარე, რომელიც მეუბნებოდა მე ათს მოგცემ და შენ ერთი ხო უნდა მომცე, ეგეთი თანაფარდობა იყო დაახლოებით.
იმ მიზნით, რომ ტყვე მოგვეპოვებინა და რომ გამეცვალა, უნდა წავსულიყავი წინა ხაზზე, იქ ტყვეს რომ ვინმე წაიყვანდა, გადავფარებოდი რომ არ მოეკლათ და წამომეყვანა. ერთი-ორჯერ კინაღამ მეც მიმახვრიტეს ამ პროცესში.” – თქვა მან.