იმერეთში Adidas-ის ყალბი ფეხსაცმლის დამზადებაში ბრალდებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წარუდგინა ერთ პირს, რომელსაც იმერეთში მოწყობილ საამქროში Adidas-ის ყალბი სპორტული ფეხსაცმლის დამზადებას ედავებიან.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა „Adidas-ის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული „Adidas-ის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ამოღებულ იქნა „Adidas-ის“ დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური ბრენდირებული შტამპი,“ — აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.