ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„იმედი“ უარს ამბობს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო რეკლამების განთავსებაზე

„იმედი“ უარს ამბობს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო რეკლამების განთავსებაზე

ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც ტელევიზიებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, უარს ამბობს ეთერში გაუშვას ოთხი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეკლამა. არხი ამ ოთხ პარტიას „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებს.
„იმედი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კანონი ტელევიზიებს საარჩევნო კლიპების არადასიკრიმინაციულად განთავსებას ავალდებულებს და ამ წესით ხელმძღვანელობდნენ გასული პერიოდის განმავლობაში.
„მიუხედავად იმისა, რომ „ტელეიმედს“ აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა - არ დაუშვას "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს“, - წერია განცხადებაში.
„იმედში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“, „კოალიციას ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ გულისხმობენ. სწორედ ასე მოიხსენიებს ამ პარტიებს „ქართული ოცნებაც“.
ტელეარხი სამ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც უფასო სარეკლამო დრო ეკუთვნის, უარს ეუბნება რეკლამის განთავსებაზე, რადგან „მთავარმა არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ ეთერში აღარ უშვებენ „ქართული ოცნების“ ვიდეოკლიპს ომის შესახებ, სადაც ერთმანეთთან არის შედარებული უკრაინის დაბომბილი ქალაქები და საქართველო.
„ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს“, - აცხადებენ „იმედში“.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.