„იმედის“ თანამშრომელზე ძალადობის საქმეზე დაკავებულია ერთი ადამიანი

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლის, 23 წლის შაკო ნათენაძის ცემის საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდარის დეტალებზე არც შსს-ს და არც ტელეკომპანია „იმედს“ არ უსაუბრია.
როგორც სოციალურ ქსელში ნათენაძის ახლობლებმა დაწერეს, მას უბანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შაკო ნათენაძე მიყენებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა.
„შაკო საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და დამნაშავეების პასუხისგებას“, — განაცხადა „იმედის“ წამყვანმა ნინო ჭანტურაიამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.