ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი დღეს, 22 აპრილს, სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. მოსკოვში იგეგმება აზერბაიჯანისა და ს პრეზიდენტების შეხვედრა.
„დაგეგმილია რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების განხილვა, ასევე მოსაზრებების გაცვლა აქტუალურ რეგიონულ საკითხებზე“, – აცხადებენ კრემლში.
2022 წელს ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტი, რომელიც 43 მუხლისგან შედგება, ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა მრავალ სფეროში.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური წერს, რომ საგულისხმოა, რომ ვიზიტის წინა დღეს გამოცხადდა მთიანი ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების ვადამდელი გაყვანის დაწყება, რომლის ვადაც მომავალ წელს იწურებოდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრების გავლებაზე სომხეთის ტავუშის რეგიონის ოთხი სოფლისა და აზერბაიჯანის ყაზახის რეგიონის ოთხი სოფლის მონაკვეთებზე. საზღვრის დელიმიტაციის ხელშეკრულება დაეფუძნება ალმა-ატის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში განისაზღვრებოდა.
მარტის ბოლოს რუსეთის ელჩმა სომხეთში სერგეი კოპირკინმა განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების სადამკვირვებლო პუნქტები განლაგდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ს პირადი მოთხოვნით და რუსეთის ხარჯზე. კოპირკინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხურ მხარეს ჯერაც არ მოუხდენია რუსული სადამკვირვებლო პუნქტების განთავსების ლეგალიზება.
მარტის დამდეგს სომხეთმა რუსეთს ოფიციალური წერილი გაუგზავნა ს აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანაზე.
მოსკოვმა და ერევანმა 1993 წლის სექტემბერში გააფორმეს შეთანხმება სომხეთში რუსეთის სასაზღვრო ჯარების სტატუსის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ერევანი რუსეთს უფლებას აძლევდა, გაეკონტროლებინა სომხეთის საზღვარი თურქეთთან და ირანთან. სომხეთში რუსი მესაზღვრეების ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ორივე ქვეყნის მთავრობები სწევს.
ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა დაიწყო ყარაბაღიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანა. სამხედრო პერსონალი იქ 2020 წლის შემოდგომიდან იმყოფებოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ – ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის შეთანხმების საფუძველზე. მათი სტატუსი განისაზღვრა, როგორც სამშვიდობო ძალებისა.
2023 წელს აზერბაიჯანმა რეგიონში ჩაატარა სამხედრო ოპერაცია, რის შედეგადაც დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღზე, ხოლო მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ, რომელშიც ძირითადად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობდა, არსებობა შეწყვიტა. დაახლოებით 120 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები აზერბაიჯანის მხრიდან დევნის შიშით. ამასთან, ბაქომ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და არ დატოვონ სახლები.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ არ არის ხელმოწერილი.