ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ (ახალი აზერბაიჯანი) კანდიდატი აზერბაიჯანის მოქმედი ლიდერი ილჰამ ალიევი იქნება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ თაირ ბუდაგოვმა განაცხადა.
„მმართველი პარტიის, „ენი აზერბაიჯანის“ კანდიდატი 2024 წლის 7 თებერვლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი იქნება. პარტიის გამგეობა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის დასრულებას აპირებს. შეხვედრის დრო უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - განაცხადა მან.
სააგენტო "აპას" ინფორმაციით, ბუდანოვმა ასევე თქვა: „წლებია ყველა ამბობდა, რომ ვინც გაათავისუფლებს ყარაბაღს ის იქნება ჩვენი მუდმივი პრეზიდენტი. ვფიქრობ ილჰამ ალიევმა თავისი 20-წლიანი პოლიტიკით, აზერბაიჯანელი ხალხის მსახურებით, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის დაიმსახურა ეს პოსტი. ამ მოსაზრებას მისდევს აზერბაიჯანის ყველა პატრიოტი. (პარტიის) გამგეობის სხდომაზე ყველა თავის აზრსაც გამოთქვამს“.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ილჰამ ალიევმა 7 დეკემბერს გამოაცხადა. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო.
· აზერბაიჯანში პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევენ, ეს ცვლილება კონსტიტუციაში 2016 წლის რეფერენდუმის საფუძელზე შევიდა. მანამდე პრეზიდენტი ხუთწლიანი ვადით იყო არჩეული.
· ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წლის 11 აპრილს ჩატარდა. თავდაპირველად ის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნების თარიღი ალიევმა კენჭისყრამდე თვით ადრე შეცვალა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი ლიდერები ალიევს თავისუფლებების მოსპობაში, ავტორიტარიზმსა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებდნენ.
· ილჰამ ალიევი პრეზიდენტად პირველად 2003 წელს აირჩიეს, მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, რომელიც ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა. ილჰამ ალიევმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობა მხოლოდ ზედიზედ ორი ვადით იყო შესაძლებელი. შემდეგ კი მან ამ პოსტზე ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა. პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ილჰამ ალიევი ასევე აპირებს თანამდებობის შვილს, ჰეიდარ ალიევს უმცროსს გადასცემას.
· 2020 წლის თებერვალში აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მმართველმა პარტიამ „ენი აზერბაიჯანმა“, ქვეყნის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თავმჯდომარეობით, გამარჯვება გამოაცხადა, აზერბაიჯანის ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნების შედეგები და ის არ ასახავს ხალხის ნებას. ბევრ ქალაქში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს უკრძალავდნენ მუშაობას: გააძევეს ადგილებიდან, აეკრძალათ გადაღება, უბნებზე გადაადგილება და ზოგიერთის მიმართ ძალა გამოიყენეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.