“იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის…” – მზია ამაღლობელმა შიმშილობა გამოაცხადა

ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა – იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ – არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც ამაღლობელი აცხადებს, მისი დაპატიმრება „რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი და ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული“ პროცესების შედეგია.

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, – აღნიშნავს ამაღლობელი წერილში, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად