იაპონია რუსეთის აქტივების გამოყენებით უკრაინის დაფინანსების შესახებ ევროკავშირის გეგმას არ უერთდება

იაპონიამ უარყო ევროკავშირის შეთავაზება, შეუერთდეს მის გეგმას, რომელიც უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას Politico ორ ევროკავშირელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გუშინ „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის დროს, ტოკიომ ცივი წყალი გადაასხა ბრიუსელის მოთხოვნას, უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე ნაღდი ფულის გაგზავნის შესახებ მისი გეგმების კოპირებასთან დაკავშირებით.
იაპონიამ მიანიშნა, რომ მას არ შეუძლია უკრაინისთვის სესხის გასაცემად მის ტერიტორიაზე გაყინული დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული გაყინული აქტივების გამოყენება.
გამოცემის წყაროს ცნობით, იაპონიის ფინანსთა მინისტრმა, საცუკი კატაიამამ, სამართლებრივი საკითხების გამო, რუსული აქტივების გამოყენება გამორიცხა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულელი“ მოკავშირეების უფრო დიდი მონაწილეობა შეამცირებს რუსეთის მიერ მხოლოდ ბელგიის წინააღმდეგ შურისძიების რისკს.
თუმცა, აშშ-მა და იაპონიამ უარი თქვეს ბრიუსელის სქემაში მონაწილეობაზე, რის გამოც ევროკავშირმა უკრაინის მომავალი დაფინანსების ძირითადი ტვირთი მარტო უნდა აიღოს.
ევროკომისიას სურს, ევროკავშირის ქვეყნებმა ლიდერების 18 დეკემბრის სამიტამდე მიაღწიონ შეთანხმებას 210 მილიარდ ევრომდე ოდენობის რუსული გაყინული აქტივების გამოყენებაზე. თუმცა, ბელგია მოითხოვს, რომ ამ გეგმას „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოსკოვი აქტივების დაბრუნებას შეეცდება, ბელგია ერთადერთი პასუხისმგებელი ქვეყანა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე – არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა – ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია – დამნაშავე ვარ

ლაშა ფარულავა – „ოცნების“ რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია – საქართველოს რეპუტაციის შებღალვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ნათია თურნავას